Uncategorized
ქართველი შეფმზარეულები კორეაში, SEOUL FOOD FESTIVAL-ზე გაემგზავრნენ

სტატიის წყარო რესტორატორი

კიდევ ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ქართველი გურმანებისთვის ! ქართული სააგენტო Gastronaut, რომელიც მომავლის რესტორნის კონცეფციის დანერგვასა და გაუმჯობესებაზე უკვე წლებია აქტიურად მუშაობს, რესტორნის „ბარბარესთან“ შეფმზარეულ ლევან კობიაშვილთან ერთად, მაისში, 2016 წლის საერთაშორისო შეფმზარეულების შეკრებაზე, კორეაში, SEOUL FOOD FESTIVAL-ზე გაემგზავრნენ, სადაც ქართული ტრადიციული კერძები წარადგინეს.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კომპანია „გასტრონავტის“ ხელმძღვანელს – ლევან ქოქიაშვილს ვესაუბრეთ:

რა არის აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი და როგორ მოხდა თქვენი მიწვევა SEOUL FOOD FESTIVAL-ზე?

ჩვენს რესტორანში „ბარბარესთან“ მოწვეული გვყავდა ბელგიელი ბლოგერი ჟან პიერ გაბრიელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კულინარია. მას რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოზე აქვს წიგნი დაწერილი. მისი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ქართულ კულინარიაზე წიგნის დაწერა იყო. ვიდრე ჟან პიერი საქართველოს ესტუმრებოდა, შეფმზარეულ ლევან კობიაშვილთან და რესტორან „ბარბარესთან“ ერთად ვმუშაობდით პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა მე-19 საუკუნის ქართული კერძების აღდგენას.

როდესაც ჟან პიერ გაბრიელი საქართველოში ჩამოვიდა და გაეცნო ჩვენს სამზარეულოს, უზომოდ აღფრთოვანდა, მოექცა საოცრად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ. დაახლოებით ორ თვეში კი მოგვწერა ელ. წერილი, რომ გვიწვევს სეულში, 2016 წლის შეფმზარეულების საერთაშორისო შეკრებაზე, სადაც უნდა წარვადგინოთ ჩვენი რესტორნის კერძები.

ღონისძიება 2-8 მაისის ჩათვლით გაიმართა. SEOUL FOOD FESTIVAL-ის მიზანია მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულებმა ერთმანეთში საკუთარი გამოცდილება გაცვალონ, წარადგინონ ექსკლუზიური კერძები და ის იშვიათი პროდუქტები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.

რამდენმა შეფმზარეულმა წარადგინა საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაზე?

სეულში იმყოფებოდნენ: ბრენდ-შეფი ლევან კობიაშვილი და შეფმზარეული ვახტანგ დევდარიანი, რომელიც ასისტენტობას გაუწევს ლევანს. ფესტივალზე მსოფლიოდან სულ 20 შეფმზარეული იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ: ascal Barbot (საფრანგეთი), Motokazu Nakamura (იაპონია), Niko Romito (იტალია), Thomas Bühner (გერმანია), Tim Raue (გერმანია), Mathieu Viannay (საფრანგეთი), Magnus Ek (შვედეთი), Yim Jungsik (აშშ), Shuzo Kishida (იაპონია), Paul Pairet (ჩინეთი), Dominique Persoone (ბელგია), Kang Mingoo (სამხრეთ კორეა), Lee Jongkook (სამხრეთ კორეა), Dr. Bruno Goussault (საფრანგეთი), Keiko Nagae (იაპონია), Duncan Robertson (ინგლისი), Bernard Lahousse (ავსტრალია).

სეულში ვიმყოფებოდით „ქართული სამზარეულოს“ სახელით, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ქართული პროდუქტები (მაგ: დამბალხაჭო) და ქართული ნაციონალური კერძები (მაგ: ხინკალი).