Uncategorized
ბარსელონა

სტატიის წყარო რესტორატორი

ბასელონა

თითქოსდა უჩვეულო არქიტექტურის, მოდური რესტორნებისა და სამხრეთ ესპანეთის მზიანი კლიმატის სინთეზმა, მხოლოდ რამდენიმე  დეკადაში გადააქცია ეს საპორტო ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად ტურისტებისთვის. ეს გახლავთ ადგილი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ გააჩნია სეზონურობა და რამდენჯერაც უნდა იყო იქ ნამყოფი, მაინც მუდამ ახალ-ახალი აღმოჩენები გაოცებს. ეს გახლავთ ქალაქი, სადაც ჩასვლისთანავე თავს კომფორტულად გრძნობ, ხოლო ამაში განსაკუთრებით ესპანურ-კატალონიური ტემპერამენტი გეხმარება, რომელიც ასე ახლოსაა საქართველოსთან.
მიუხედავად იმისა, რომ ტაქსი ძალიან იაფია ბარსელონაში, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე (Placa Catalunya) შეგიძლიათ აეროპორტის ექსპრესით სულ რაღაც 6 ევროდ მიხვიდეთ და გზაშიც თითქმის იმდენივე დრო დაგეხარჯებათ, რაც ტაქსით მგზავრობისას. ქალაქის ძირითადი ღირსშენიშნაობები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ფეხით მისვლა ყველგან შესაძლებელია.
ქალაქის დათვალიერებას ბარსელონას კათედრალიდან გირჩევდით, რომელიც მე-13-15 საუკუნეებშია აშენებული. ამ ტაძარს 122 წელი აშენებდნენ და დღეს ის გოთიკური ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითია. კათედრალის მიმდებარე ტერიტორიას, მისი არქიტექტურის გამო, „გოთიკურ კვარტალს“ უწოდებენ. ამ პატარა ქუჩებს სხვა ეპოქაში გადავყავართ. იქ თითოეულ ქანდაკებას, სკვერსა თუ სახლს, თითქოს მისტიკური მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ღამით, როდესაც ქუჩის მუსიკოსები ესპანურ სიმღერებს ასრულებენ და არაჩვეულებრივი აკუსტიკის გამო, მათი ხმა მთელ უბანში ისმის. აქვე წააწყდებით აფიშებს, რომლებიც პატარა კაფეებში ტრადიციული ფლამენკოს ცეკვების სანახავად გეპატიჟებიან.
გოთიკური კვარტალი La Rambla-ს ემიჯნება, რომელსაც იმდენად განსხვავებულ ატმოსფეროში  გადაჰყავხართ, რომ თავი სხვა ქალაქში გგონიათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცოცხალი ქუჩა, რომელიც კატალონიური ტემპერამენტის სიმბოლოდაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.  ეს გახლავთ ქალაქის „მთავარი არტერია“ – უამრავი კაფეთი და მაღაზიით, რომლებიც იქ მოსიარულეებს უხმობენ. ამ ბულვარს ჩავყავართ პორტში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტია.
წარმოუდგენელია ვისაუბროთ ბარსელონაზე და არაფერი ვთქვათ მისი მოდერნისტული არქიტექტურის სტილზე, და რასაკვირველია, მის წარმომადგენელზე – ანტონიო გაუდიზე.
Casa Mila – Casa Battlo 1877 წელს, ბარსელონას ყველაზე ძვირადღირებულ ბულვარზე Passeig de Gracia-ზე აშენდა და განიხილება, როგორც გაუდის ულამაზესი ქმნილება ბარსელონაში. მისი ინტერიერი დიდმა არქიტექტორმა ზღვის სამყაროს შთაგონებით შექმნა. ასევე უნდა აღინიშნოს მის მიერ შექმნილი მეორე სახლი – La Pedrerra, იგივე „ქვის ტალღა“, ან „ისტორია, მონათხრობი ქვებით“, რომელიც მან მილას ოჯახის დაკვეთით ააშენა და სადაც ასი წლის მანძილზე ჩქეფდა ადგილობრივი ბურჟუაზიის ცხოვრება. შენობა იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი.
გაუდის ბაღში, რომელიც დიდმა არქიტექტორმა მისი მეგობრის – ეუზები გუელის დაკვეთით ააშენა, უნდა ყოფილიყო მდიდარი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქალაქი ქალაქში, მაგრამ საბოლოოდ, ბაღმა რეკრეაციული პარკის სახე მიიღო, რომელსაც, მისი მრავალფეროვანი ფლორის გამო, შეიძლება ბოტანიკური ბაღიც ვუწოდოთ. პარკის სილამაზის მცველი ბარსელონას ერთ-ერთი სიმბოლო – გიგანტური მოზაიკის ხვლიკია. გუელის ბაღიდან ბარსელონას შესანიშნავი ხედი იშლება.

იმოგზაურო ბარსელონაში და არ ნახო წმინდა ოჯახის (Sagrada Familia) ტაძარი – დანაშაულია. „განმარტოება და სივრცე იქნება ისეთი, როგორც ტყეში“, – თქვა გაუდიმ და დაიწყო მისი მშენებლობა. დიდი არქიტექტორი ტაძარს 1918-1926 წლებში აშენებდა და ნაწილობრივ მხოლოდ მისი ფასადის დასრულება მოასწრო. ფასადზე გამოსახულია იესო ქრისტეს შობის სცენა, მეორე ფასადი კი, რომელიც მისმა მოსწავლეებმა ესკიზების მიხედვით დაასრულეს, მოგვითხრობს ქრისტეს ვნებების შესახებ. ტაძრის მთავარ კარიბჭეს ამშვენებს კატალუნიურ ენაზე ამოტვიფრული ლოცვა „მამაო ჩვენო“, სადაც სიტყვები „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ – 50 ენაზე წერია. ტაძრის არქიტექტურა მისტიკურ ამბავს გვიამბობს, რომელიც ისეთივე მარადიული და უსასრულოა, როგორც თვით სამყარო. ამ ამბის მოყოლა, სამწუხაროდ, დიდმა გაუდიმ ვერ შეძლო. ტაძარი დღესაც შენდება. Sagrada Familia-ს ტერიტორიაზე არის სუვენირების მაღაზია, საიდანაც აუცილებლად უნდა წაიღოთ პატარა მოგონება, რომელიც იქ ნანახი საოცრების სამახსოვროდ გექნებათ.
ეს ქალაქი კულინარიული სამოთხეა. განსაკუთრებით – ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის.
არ შემიძლია არ გამოვყო ორი ჩემთვის ყველაზე საყვარელი რესტორანი:
Ikibana (Avenida del Paralelo 148) – სადაც ბრაზილიური მუსიკის, წარმოუდგენელი დიზაინისა და გათანამედროვებული იაპონური სამზარეულოს არაჩვეულებრივი სინთეზია.
Boca Grande (Passatge de la Concepcio 12 ) – ეს თანამედროვე, კატალონიური სამზარეულოს რესტორანი, ნებისმიერ გურმანს გააოცებს უგემრიელესი კერძებით, რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის რესტორნის დიზაინს.
კატალონიელები, ისევე, როგორც ქართველები, ძალიან გვიან სადილობენ და ბარსელონაში რესტორანში სიარულის ერთგვარი ორი ნაკადია: პირველი საღამოს 8 სააათზე, ხოლო მეორე – 10-დან 11 საათამდე. უპრიანი იქნება, თუ სასტუმროს კონსიერჟს მაგიდას წინასწარ დააჯავშნინებთ.
ემოციებით სავსეს, გირჩევთ ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან ბარსელონაში ძალიან ბევრი ჯიბის ქურდია და თვალის დახამხამებაში შესაძლოა მათი მსხვერპლი გახდეთ.
თანამედროვე ბარსელონა წარმოუდგენელია Camp Nou-ს გარეშე და სრულებითაც არ არის საჭირო ფეხბურთის სიყვარული იქ მოსახვედრად. გასათვალისწინებელი მხოლოდ ის არის, რომ სტადიონი ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ ვიზიტს, არც თუ მცირე ფინანსური რესურსია საჭირო.
შოპინგი ბარსელონაში ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელი, მაგრამ თუ გული ბრენდული მაღაზიებისკენ მიგიწევთ, გირჩევთ ეწვიოთ La Roca Village-ს, სადაც ბარსელონას ცენტრიდან ექსპრესით 50 წუთში მოხვდებით.
კატალონიის დედაქალაქში მოხვედრა ყველაზე მარტივად და სწრაფად, Turkish Airline-ით არის შესაძლებელი.

ავტორი: ნიკა მანჯგალაძე